
„ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა - დასმენა „ქართული ოცნების“ ხელში ქართული პოლიტიკის ერთ - ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი“ გახდა! - ასე ეხმაურება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ლელო - ძლიერი საქართველო“ მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაციების დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმის გზით ძალაუფლების საბოლოოდ გაფორმების მცდელობა.
დათუნაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს.
„ქართულმა ოცნებამ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა და მათივე მართული დაკონტრაქტებული დამსმენის ვატო შაქარიშვილის დასმენის საფუძველზე შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღა.
დასმენა „ქართული ოცნების“ ხელში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი“ გახდა.
ეს მოქმედება პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის პასუხად და მივიღოთ როგორც პოლიტიკური გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეუდგა, რაც პირდაპირ დაპირისპირებაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, საქართველოს ევროპულ გზასთან. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურად უდგება, რადგან “ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორების რჩევების აბსოლუტურ საწინააღმდეგოს აკეთებს. ამ ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს.
საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია გამოვფხიზლდეთ და იმ პროცესში ჩავერთოთ, რაც ნიშნავს „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, დიდი სახალხო მოძრაობით დამთავრებას. ამ გზაზე საეტაპო მოვლენაა 4 ოქტომბრის არჩევნები. 4 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ვატო შაქარიშვილი დასმენის, ბერიასა და სტალინის გზა საქართველოს მომავალი არ არის!
საქართველო ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე გადარჩება“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
0
0