
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიასაშუალებებით ამერიკულ ბაზებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას სრულ სიცრუეს უწოდებს.
„თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.
მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა „ქართულ ოცნებას“ ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო. მედიის ცნობით, ეს ხელისუფლებამ დამალა, მიზეზად კი რუსეთის არგაღიზიანება დაასახელა.
0
0