
უპასუხისმგებლობაა, რუსთაველზე მისული ადამიანების წრფელი ემოციების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის პოლიტიკოსთა ნაწილისგან, რომელიც ცრუ მოლოდინებს ქმნის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე და დაუშვებელია ამ დღის გამოყენება რადიკალური და ძალადობრივი სცენარებისთვის.
„ჩვენ 4 ოქტომბერს არ ვიქნებით წარმოდგენილი ამ აქციაზე. ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის ცვლილების დაწყება თვითმმართველობის რიგებიდან, ეს არის მშვიდობიანი ფორმით ბრძოლა და ეს არის, რა თქმა უნდა, არჩევნები. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, რომ რეალურად დაიწყოს ცვლილება თვითმმართველობის რიგებიდან. ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი რადიკალური, ძალადობრივი სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს აძლიერებს „ოცნების“ რეჟიმს და საბოლოოდ ეს წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე.
ასევე დაუშვებელია რუსთაველზე არსებული წრფელი ემოციების და ძალისხმევის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება. იცით, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ძალიან ხშირად, ყოველდღიურად ვიდექით ამ აქციებზე და ვაპროტესტებდით არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, როდესაც ეს პროტესტი იყო ჯანსაღი ჩვენ ვიდექით აქ და ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც დგანან ჩვენი ამომრჩევლები და ქართველი ერი. თუმცა 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე და შესაბამისად, დაუშვებელია ამ ყველაფრის და ამ დღის გამოყენება რადიკალური და ძალადობრივი სცენარებისთვის. უპასუხისმგებლობაა, იქ მისული ადამიანების წრფელი ემოციების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის პოლიტიკოსთა ნაწილისგან, რომლებიც ცრუ მოლოდინებს ქმნიან. ისინი თავიანთი პოზიციების გასაძლიერებლად ადამიანების წრფელ ემოციებს იყენებენ.
უკვე 13 წელია, ჩვენ ვუყურებთ ზუსტად ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ რაიმე სახით ასეთი კრებებით შევცვლით არსებულ ვითარებას, ტყუილი მოლოდინია. მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები. დღესდღეობით არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა „ოცნების“ რეჟიმს ეკისრება, რომელიც ხელს უწყობს პროცესის რადიკალიზებას. პასუხისმგებლობა ასევე ეკისრებათ იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, ძალადობრივი მოწოდებებით კვებავენ ოცნების რეჟიმს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
0
0