
ქვეყანაში „ოცნების“ რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ადამიანის უფლებების დარღვევასაც კი კადრულობს, რათა საკუთარი ძალაუფლება გაიხანგძლივოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას მოწმობს ქვეყნის შესახებ ბევრ ფორმატში არსებული განხილვები, დასკვნები და ანგარიშები.
„ყველაფერი გასათვალისწინებელია. საქართველოს ჰყავს რეჟიმი და რაც ქვეყანაში ხდება, „ოცნების“ პასუხისმგებლობით დადგა. სხვა ევროპულ ქვეყნებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ არის წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების ფაქტები, ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევა, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, ასევეა ძალადობაც. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, როცა კონტექსტს აფასებ. „ოცნება“ იმას ვერ გაექცევა, რომ მოძალადე რეჟიმია, რომელიც ძალადობს, რათა ხელისუფლება გაიხანგძლივოს. საქართველოს შიდა საქმეებში არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს და ქვეყნის სუვერენიტეტი არ უნდა დაარღვიოს, თუმცა იმაზე ვსაუბრობ, ხელისუფლება რას აკეთებს. „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას დაგვპირდა, მაგრამ მათ მაღალჩინოსნებს ციხეში ხედავთ. „ნაცებთან“ ერთად ციხეში ის ხალხია, ვინც „ნაცების“ წინააღმდეგ „ოცნებასთან“ ერთად იბრძოდა. ხელისუფლება ტექნიკურ უნივერსიტეტს განახლებას დაჰპირდა და გააუქმა. სწორედ ასეთ ტყუილებთან გვაქვს საქმე, საკუთარ ამომრჩევლებს ასე ატყუებენ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
0
0