
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება „ქართული ოცნების“ მიზანს არ წარმოადგენს, რადგან „ოცნებისთვის“ „ნაცები“ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რომელსაც აქტიურად იყენებენ“.
ხვედელიანის თქმით, სცენარი, შესაძლოა, იყოს ბევრი – სარჩელი არ მივიდეს ბოლომდე ან საბოლოოდ არ დაკმაყოფილდეს.
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“, საკუთარი ძალადობრივი ნაბიჯებიდან გამომდინარე, თავი თვითონ აიკრძალა. აქედან გამომდინარე, ის, რაც მათთან მიმართებაში ხდება, ახალი არ არის. გაურკვეველია, ამ ჩამონათვალში „ლელო“ რატომ მოხვდა?“ – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“. სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.
0
0