
„ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად, მათი ეს ლიდერი [ლევან ხაბეიშვილი] მუდმივად აძლიერებს „ოცნებას“ და მათ წისქვილზე ასხამს წყალს - შესაბამისად, 4 ოქტომბრის ორგანიზატორმა სჯობს, საკუთარ პასუხისმგებლობებს მიხედოს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ნაცვლად ციხიდან ამ არაფრისმომცემი განცხადებების გაკეთებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ოქტომბრის მთლიან დღეზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
მისი თქმით, „4 ოქტომბრის პროვოკაცია მთლიანად დაიგეგმა „ქართული ოცნების“ რიგებში და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან შესრულდა“.
„არანაირად არ არის საინტერესო რას ამბობს ამ მიმართულებით, მიხედონ თავიანთ პასუხისმგებლობას. აღიარონ და აიღონ პასუხისმგებლობა ყველა იმ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლითაც „ოცნების“ რეჟიმი გააძლიერეს. განსაკუთრებით 4 ოქტომბრის მთლიან დღეზე აიღონ პასუხისმგებლობა ნაცვლად ციხიდან ამ არაფრისმომცემი განცხადებების გაკეთებას.
4 ოქტომბრის პროვოკაცია მთლიანად დაიგეგმა „ოცნების“ რიგებში და შესრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან. მათ პროვოკაცია მოაწყვეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი ხალხი და იმ წრფელი ემოციებით ითამაშეს. შესაბამისად, ამაზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ამ ოთხმა ოქტომბერმა მოგვიტანა უარესი მდგომარეობა ქვეყანაში და კიდევ მეტი პოლიტპატიმარი. ქვეყანაში, რომელშიც სასამართლო არ არსებობს და არ არის დამოუკიდებელი, ყველა საქმეს შეიძლება პოლიტიკური მდგენელები ჰქონდეს, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერები არიან უპასუხისმგებლოები, რადგან ქართველი ხალხის წინაშე ასეთ დიდ დანაშაულსაც არ აღიარებენ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ძალიან ბევრჯერ გაექცნენ“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.
„არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. როგორ გძინავთ ღამე? - ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0