
მინდა, ვისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, აზრის გამოხატვისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლისთვის უკანონოდ არიან დაკავებულები, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს ადამიანის მთავარ ღირებულებად გამოცხადების დაპირებით მოსული ხელისუფლება, მმართველობის მე-13 წელს ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს აგენტებს ეძახის.
„ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება: თუ ქვეყანას გაძარცვავ და, შემდეგ, ცოტას გადაიხდი, არ დაგიჭერენ, მაგრამ, თუ პროტესტი გაქვს უსამართლობის მიმართ და ამას გამოხატავ, შეიძლება, დაგიჭირონ და გარეთ არავინ გამოგიშვებს. დღეს ასეთი 150 ადამიანი გვყავს ციხეში, რომელიც უსამართლობისთვის პროტესტის გამოხატვის გამო ისჯება, მათ შორის, არიან ქალები და უმეტესად ახალგაზრდები. 2012 წელს ადამიანის მთავარ ღირებულებად გამოცხადების დაპირებით მოსული ხელისუფლება, მმართველობის მე-13 წელს ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს აგენტებს ეძახის. ზუსტად ისე, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა თავისი მმართველობის პირობებში, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ნაცები“ რუსეთის აგენტებს ეძახდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, „ოცნებისთვის“ კი დღევანდელ აგენტებს ევროპული წარმომავლობა აქვთ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში პროტესტი არსებობს, რომელსაც უამრავი მიზეზი აქვს და ამას ვინც არ აღიარებს, საკუთარ თავს იტყუებს.
„უახლოეს წარსულში გვინახავს ქუჩაში ასი ათასობით გამოსული ადამიანი. ქვეყანაში 700 000 ადამიანი სოციალურად დაუცველია, ვიცით, ბოლო სამი წელიწადში ქვეყანა 200 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. განა ეს პროტესტი არ არის? ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში უსამართლობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ამ ქვეყნის გაურკვეველ მომავალს აპროტესტებენ, დაიჭირეთ და, შემდეგ, თავადვე აღიარეთ, რომ ქვეყანაში მაღალჩინოსნები, ხალხის ბიუჯეტით იკვებებიან. აღიარეთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მოპარული მილიონებით თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებოდნენ და ეს ფული ჩვეულებრივ მოქალაქეებს აკლდებოდათ. ამ დროს კი, დააკავეთ ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომლებიც ზუსტად ამ უსამართლობას აპროტესტებენ. აქციაზე მოსული ადამიანები ჯერ ცემეს, ძვლებში დალეწეს, ქალებზე ხელის დარტყმა ნორმად აქციეს შემდეგ ამ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისთვის 5000 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, სპეცრაზმით სახლებში შეუვარდნენ, პირბადის გაკეთების გამო დაიჭირეს და ამ ყველაფრის ფონზე ამბობთ, რომ პროტესტი ქვეყანაში არ არსებობს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, დღეს, როცა ორი რადიკალური ძალისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობამ, ქვეყანა ზიზღის და დაპირისპირების საშიშ ზღვართან არის მისული, ყველაზე მეტად გვჭირდება გონიერი, თანმიმდევრული და სამართლიანობის პოლიტიკის დაბრუნება ყველა დონეზე, რომ დაბრუნდეს სიმშვიდე და ევროპული მომავალი.
„13 წლის თავზე ნულოვანი ტოლერანტობიდან ასე მივედით ნულოვან თანაგრძნობამდე. გაათავისუფლეთ დატყვებული ადამიანები. ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, თუ კი თქვენთვითონვე აღიარებთ, რომ წლების განმავლობაში „ოცნების“ მაღალჩინოსნები მილიონებს იპარავდნენ ბიუჯეტიდან, ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანების ციხეში ყოფნა. ნუ დევნით ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო და დაფიქრდით, მომავალში კიდევ რამდენი მსგავსი რამის აღიარება მოგიწევთ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
0
0