
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სურათების გადასაღებად არ იმყოფებოდა. მაგალითად, იქ იმყოფებოდა ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო, შეგიძლიათ, მისი ფოტოალბომი დაათვალიეროთ, გიორგი გახარია არასდროს დასწრებია ღონისძიებებს ფოტოების გადაღების მიზნით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ტატა ხვედელიანს დაუსვეს კითხვა, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და რატომ არ ავრცელებს პარტია ფაქტის ამსახველ მასალას.
„გიორგი გახარიას მიუნხენის კონფერენციის დროს მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა. ჩვენს პოლიტიკურ ძალას ყოველთვის აქვს თავი, ყველაფერი საჯაროდ განაცხადოს. გახარია ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რომ მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონოდა. დრო როდესაც დადგება, ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს. გიორგი გახარია თავის დღის წესრიგს, განრიგს და იმას, თუ როდის დადოს ან არ დადოს ფოტო, ტელეკომპანიებს არ შეუთანხმებს. თავის დღის წესრიგს „ქართულ ოცნებასაც“ არ უთანხმებს, არ უთანხმებდა არც მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო. ღიმილის მომგვრელია, თქვენ თუ განიცდით ფოტოების და სანახაობის ნაკლებობას, ქალბატონი ბოჭორიშვილის უამრავი ფოტოალბომია, არსებობს ხელის ჩამორთმევის ფოტოებიც. გახარიას ზუსტად ისეთი შეხვედრები ჰქონდა, როგორი შეხვედრებიც დღესდღეობით „ქართულ ოცნებას“ არც დაესიზმრება, რადგან მათ ფაქტობრივად ხელის ჩამორთმევის გარდა არანაირი რესურსი აღარ დარჩათ. გაერთეთ ქალბატონი ბოჭორიშვილის ფოტოებით, ვიდრე გიორგი გახარია ფოტოებს განათავსებს,“ – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
0
0