თანამგზავრულ ფოტოებზე დაფიქსირებულია რუსული დროშით მცურავი გემი, რომელსაც კასპიის ზღვით ირანიდან რუსეთში ბალისტიკური რაკეტები გადააქვს. ამის შესახებ Skynews იუწყება.
გემი „პორტი ოლია-3“ დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსეთის პორტში ჩავიდა. როგორც Skynews-ს უკრაინულმა წყარომ აცნობა, მან ირანიდან რუსეთში მცირე მანძილზე მოქმედი 220 ბალისტიკური რაკეტა ჩაიტანა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
გემებზე თანამგზავრული დაკვირვების სისტემა აჩვენებს, რომ რუსული გემი ირანის პორტ ამირაბადში 29 აგვისტოს იმყოფებოდა, ხოლო 4 სექტემბერს ის ასტრახანის მახლობლად მდებარე პორტში ჩავიდა.
უკრაინული წყაროს ცნობით, ირანმა რუსეთს Fatah-360-ის ტიპის რაკეტები მიაწოდა, რომლის ფრენის მანძილი 120 კმ-ს შეადგენს. პორტიდან ეს რაკეტები დიდი სატვირთო მატარებლით წაიღეს. კონკრეტულად სად წაიღეს ირანული ბალისტიკური რაკეტები, Skynews-ის წყაროსთვის უცნობია.
2 დღის შემდეგ გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ გემი „პორტი ოლია-3“ რუსულ პორტში აღარ იმყოფება. ის რეგულარულად მოძრაობს ირანსა და რუსეთს შორის და, სავარაუდოდ, ირანული იარაღი გადააქვს. უკრაინული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რაკეტები პოლიგონ „ალუშუკზე“ გადაიტანეს, სადაც მათი გამოცდა მოხდება, რათა შემდეგ უკრაინაში გამოიყენონ.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი ირანული ბალისტიკური რაკეტების პარტიას მიიღებს, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ირანული რაკეტების გამოყენების სპეციალური კურსი გაიარეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვარაუდობს, რომ ეს შეიარაღება უკრაინაში რამდენიმე კვირის შემდეგ იქნება გამოყენებული.
ირანმა და რუსეთმა ეს ბრალდებები უარყვეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიედ აბას არაგჩიმ განაცხადა, რომ თეირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია, ხოლო აშშ-ის და ევროპული სამეულის (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის) მიერ დაწესებული სანქციები პრობლემას ვერ გადაჭრის.
ამის შემდეგ ვაშინგტონმა და ლონდონმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღეს, რომელთა შორის არის გემების დასანქცირებაც. ამ ზომების გარდა, არსებობს იმის მოლოდინი, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შემდეგ აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების ამერიკული რაკეტებით დარტყმების უფლებას მისცემენ.
სწორედ ამ საკითხების შესათანხმებლად ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევის ლემი 11 სექტემბერს კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას ჯო ბაიდენს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს მიაწვდიან, ვიდრე ისინი ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ. სწორედ ამ შეხვედრაზეა მოსალოდნელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტების გამოყენების თაობაზე.
0
0