15/11/2024
17:48
სპორტი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უკრაინასთან მატჩისთვის მიმდინარე მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა.
„რამდენიმე დღეა რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის. ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება დადებითი შედეგის მისაღწევად.
განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში, უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა უკრაინაც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი, ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.
0
0