
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (America Georgia Business Council) ყოველწლიურ შეხვედრაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ელჩმა ასევე, „შუა დერეფნის“ განვითარების ჭრილში, საქართველოს განსაკუთრებულ ისტორიულ ფუნქციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა, რათა ქვეყანამ ზემოხსენებული მისია კვლავ სრულად იტვირთოს.
ამავე კონტექსტში აღინიშნა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის წარმატებით ჩატარება და ხაზი გაესვა პრეზიდენტი ტრამპის სამშვიდობო ინიციატივასა და TRIPP-ის (Trump Route for International Peace and Prosperity) მნიშვნელობას რეგიონალური დაკავშირებადობის თვალსაზრისით. თამარ ტალიაშვილმა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონათან ასკონასის საქართველოში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ზემოხსენებული ინიციატივის განვითარების ჭრილში.
სიტყვით გამომსვლელებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დინამიკა დადებითად შეაფასეს და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავ მაჩვენებლებს გაუსვეს ხაზი, მათ შორის აღინიშნა საბანკო სექტორის მდგრადობა, მომსახურების სექტორის პოზიტიური დინამიკა და საბაჟო სისტემის ეფექტურობა. ასევე აღინიშნა შუა დერეფნის პოტენციალის მნიშვნელობა და საქართველოს განსაკუთრებული როლი აღნიშნული თვალსაზრისით.
შეხვედრა გახსნა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრეთ მიმართეს, მათ შორის, ოლბრაით სტოუნბრიჯ ჯგუფის წარმომადგენელმა, ელჩმა ფილიპ რიკერმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუჯინ რუგენაატმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ფინანსური პროექტების დირექტორმა, კენეთ ენგელმა და მსოფლიო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ალეჰანდრო ჰაიდენბერგმა.
0
0