
მსახიობ თამარ მაყაშვილის ბათუმის თეატრის რეპერტუარიდან მოხსნას, კულტურისა და მედიის დამოუკიდებელი პროფკავშირები გილდია განცხადებით გამოეხმაურა.
ორგანიზაციის შეფასებით, სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არის „არაპროპორციული და გაუმართლებელი ჩარევა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაში და მხოლოდ მსახიობთა დაშინებას ისახავს მიზნად“.
როგორც „გილდიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის გაუგებარია, მსახიობის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ, რას ემსახურებოდა სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსახიობს მოსაზრება არც თეატრის სცენიდან და არც თეატრთან დაკავშირებული სხვა პლატფორმიდან არ გამოუთქვამს.
„თეატრს, როგორც დამსაქმებელს შეუძლია, გაემიჯნოს დასაქმებული მსახიობის მოსაზრებას, მაგრამ არ აქვს უფლება, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და გააკონტროლოს, სად რა განცხადებას გააკეთებს მსახიობი. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოადგენს სამუშაოს შესრულებას დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ პირობებში განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა შემოსაზღვრულია მხოლოდ იმ დროითა და ადგილით, რომელშიც და სადაც სრულდება სამუშაო. შესაბამისად, დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი, რაიმე ღონისძიება გაატაროს სამუშაო დროისა და ადგილის მიღმა მომხდარ ფაქტებზე“, აღნიშნულია განცხადებაში.
გილდია მიმართავს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბათილად ცნოს მის მიერ მიღებული არაპროპორციული გადაწყვეტილება და უზრუნველყოს თეატრში შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი.
„გილდიაში“ მიაჩნიათ, რომ თამარ მაყაშვილის გამონათქვამი ეხებოდა პირად მოსაზრებას გემოვნების საკითხთან დაკავშირებით, შეიცავდა იუმორისტულ კონტექსტს და მსახიობის განმარტებით, მიზნად არ ისახავდა ვინმეს შეურაცხყოფას.
როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს, თამარ მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაიხსენა ოჯახის ისტორიები, რა დროსაც გამოიყენა სიტყვები „... აცვია ხულელი ბავშვივით ბეშუმური კაბა“, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
0
0
სატყეო რეფორმის ძირითადი მიმართულებები
26/03/2026