
პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, თამარ კეკენაძის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტი შეცდომა იყო.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ასოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოქმედებების შედეგად გამყარდა „ქართული ოცნების“ ძალაუფლება და 4 ოქტომბერი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე არ იციან, რა მოხდა იმ დღეს.
„ჩვენი ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ რეჟიმის პარლამენტს დღესაც არ აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაღიარებთ რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს, სამწუხაროდ, აქვს რეალური ძალაუფლება. ასევე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ვაღიარებთ, პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა. სწორედ ამ შეცდომის შედეგად გამოწვეული ქმედებებით, რასაც ერთი წლის განმავლობაში ვუყურებ, მივიღეთ 4 ოქტომბერი, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა საქართველოში დააზიანეს მშვიდობიანი პროტესტი.
დღემდე მოგვიწოდებენ, რომ გადავფურცლოთ 4 ოქტომბერი. რანაირად შეიძლება, გადავფურცლოთ ის დღე, როდესაც არ ვიცით, რა მოხდა? ეს იყო მცდელობა, რომ სრულად დაეზიანებინათ სახელმწიფო ინტერესები. ამ მცდელობის შედეგად დღეს უკვე მშვიდობიანი პროტესტი არის დისკრედიტირებული. 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი პროვოკაციის შედეგად ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ის მსხვერპლი, რომელიც დღეს უკვე ათობით არის ციხეში. ჩვენ ძალიან დიდხანს მოგვიწევს 4 ოქტომბრის, ამ მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის შედეგების ყურება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რას აკეთებს „ქართული ოცნების” რეჟიმი, როგორ გამყარდა მისი ძალაუფლება ასეთი უპასუხიმგებლო მოქმედებების შედეგად.
ეს ქვეყანა, თუ გვინდა, გადავარჩინოთ, დღეს აღარ გვაქვს უფლება, „ქართულ ოცნებას“ დავუტოვოთ რაიმე სივრცე, რათა მარტო დარჩეს საქართველოს მოქალაქეებთან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური სივრცე, იქნება ეს პარლამენტი, საკრებულო. ჩვენ ყველა მანდატს გამოვიყენებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, „ქართული ოცნება” შესუსტდეს. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან მეთოდს“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
0
0