
„რვიანი“ აღარ არსებობს, იხილავთ დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ვერ გაეკარებიან, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ჩერგოლეიშვილმა დაასახელა პარტიები, რომლებსაც დემოკრატიულ პარტიებად მიიჩნევს.
„რვიანი“ აღარ არსებობს, ბოიკოტისთვის იყო და ბოიკოტის არარელევანტურობასთან ერთად, „რვიანიც“ არარელევანტური გახდა. „რვიანში“ იყო „დროა“, ვისთანაც მშვენიერი საქმიანი ურთიერთობა გამოგვდიოდა. დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას იხილავთ. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ლელო“ ვერ გაეკარება. საბოლოო ჯამში, საკუთარმა ამომრჩეველმა უნდა გამოუტანოს განაჩენი, მაგრამ ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაციას არ გავუკეთებთ ოლიგარქიულ ძალებს, არც ბიძინა ივანიშვილისას, არც ხაზარაძისას და არც სააკაშვილის ავტოკრატიას. დემოკრატიულ პარტიებად მივიჩნევ შემდეგ პარტიებს: „თავისუფლების მოედანი“, „დროა“, „გირჩი“, „ახალი“. ესენია პარტიები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში გამოვცადე, არაერთი აქცია, კამპანიები ჩავატარეთ, ნორმალური თანამშრომლობა გამოგვდიოდა. „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის ნაწილი იყო, არც ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, სად არიან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის ნაწილი, იმ კოალიციიდანაც არ გამოსულან ჯერ. შესაბამისად, მათზე ვერ ვილაპარაკებ. „სტრატეგიაც“ და „ევროპული საქართველოც“ არიან „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც „თავისუფალ არჩევნებს ჩაიბარებს“.
„სალომე ზურაბიშვილი კვლავინდებურად მოიაზრება იმად, რომ დემოკრატიული პროცესი დუღილის წერტილს როდესაც მიაღწევს და თავისუფალ არჩევნებს მივიღებთ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც ჩაიბარებს თავისუფალ არჩევნებს. ის არის ყველაზე უკეთ პოზიციონირებული, ჩაიბაროს თავისუფალი არჩევნები და საერთაშორისო საზოგადოებასთან იყოს დემოკრატიული პროტესტის ხმა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0