02/05/2025
23:07

გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის გზა, რომელიც დღეს გთავაზობს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, გამოარჩევს სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რადგან „ამ ჯიუტმა ქალმა გაარღვია მოჯადოებული წრე“.
„სამუშაო ზუსტად ის, რომ უნდა ენდოს ხალხი. ეს არის ჩვენი გამოწვევა, რადგან ნდობა პოლიტიკურ სპექტრს შორის არის დაბლა დასული. სწორედ ამით გამოვარჩევ სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომ გაარღვია მოჯადოებული წრე ამ ჯიუტმა ქალმა, რომლის ინსტრუმენტალიზებაც ძალიან გაუჭირდათ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს.
დღეს დასახული ამოცანები არის სრულიად რეალისტური იმ შემთხვევაში, თუ ამ ამოცანების მიხედვით ვივლით და პოლიტიკური სპექტრიდან, იქ შემავალი პარტიებიდან ეგო არავის გაუსხავს. ეს არის სამუშაოზე, საქმეზე ორიენტირებული პროცესი. აქ უბრალოდ ვერ იჩხუბებ ვერაფერზე“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს უკეთეს ფორმაშია.
„ეს პასუხი მიიღეს შეხვედრაზე ელჩებმაც. ჩვენ უამრავი განსახვავების მიუხედავად, ვართ მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც აქვს განსხვავებები და ამ განსხვავებებზე კამპანიას ეწევა. ჩვენ არ გაგვიჩერებია ჩვენი კამპანია. ფაქტია, რომ ჩვენი პარტია არ ეყოფა მხოლოდ იმას, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოიყვანოს, არ ვართ იმხელა პარტია და საჭიროა სხვა პარტიებთან თანამშრომლობა. ჩვენ ვემსახურებით იმ ამოცანებს, რაც პროტესტს აქვს და ამ ამოცანით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
როგორც პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შესათანხმებელი თემა არ არის თვითმმართველობის არჩევნები, რადგან პლატფორმა მუშაობს ახალ არჩევნებზე.
„თვითმმართველობის არჩევნები არ არის ის, რაც გვაერთიანებს. გვაერთიანებს იმ ხალხის ამოცანები, რომელმაც კრიზისი შექმნა ქუჩაში. კრიზის განსამუხტად გვიკვეთავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ ვპასუხობთ ამ ხალხის დაკვეთას. თუ ჩავთვლი, რომ დამარცხდა ეს ხალხი და ვერ მივაღწევთ ახალ არჩევნებს, პირველი ვიქნები, ვინც ავიღებ ამ სიმძიმეს და ვიტყვი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შევიდეთ. ეს რატომ უნდა მეგონოს, როცა ვხედავ, რა ხდება რეჟიმის თავს და რა ხდება ოპოზიციის მხარეს. ამ ძველი აჩრდილებისგან, რომლებიც რეჟიმის კარიკატურულ მოდელზე იყო აწყობილი, თავისუფლდება ოპოზიციური სპექტრი. სალომე ზურაბიშვილის პროცესს ამ ნარცისიზმისგან გათავისუფლების პროცესადაც ვხედავ. ღიაა ეს პროცესი. ზურაბიშვილი არ კუმშავს პროცესს, პროტესტის ამოცანების გარშემო აფართოებს. ის დღესაც ღიას ტოვებს ამ ერთობას“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ თუ აზრზე მოვა, გადააგდებს ამ ბელადომანიას და ბელადის ახირებების ნაცვლად საქმეზე ფოკუსირდება, მასაც შეეძლება შემოსვლა“.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის თბილისში მეხუთე ადგილზე გასული პარტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რეგიონებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად სჭირდება მუნიციპალურ არჩევნებზე მონაწილეობა, ერთი არჩევნებიღა არიან დარჩენილი. თუკი გამარჯვება იწყება იმის გამო, რომ ნახევრად აგრარული ქვეყანა ვართ, იწყება ურბანული ცენტრებიდან და თუკი დაცემა იწყება, ყველაზე გვიან აღწევს რეგიონებში. ანუ რეალურად ერთი გარეცხვაღა არიან დარჩენილები.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ შეიძლება, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სწორ სისტემაში თავს იპოვიან. თიკა ბოკუჩავას შეუძლია, იყოს გამოსადეგი ამ პროცესისთვის, მაგრამ არა იმ თავისი ბელადით, რომელიც ყველაფერს აზიანებს, თუ ყურადღების ცენტრში თვითონ არ არის. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველამ – ცივილიზებულ პოლიტიკასა და პროცესში ყოფნა უნდა, თუ უნდა თავისი ბელადის ახირებებზე ირბინოს. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ითამაშებს სალომე ზურაბიშვილის მიერ დამკვიდრებული წესებით, მიშა სააკაშვილი თავისით გაქრება. გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, არის გზა, რომელიც დღეს გთავაზობს სალომე ზურაბიშვილი, სადაც თვითონ იღებს მედიატორის როლს, რომ შექმნას სივრცე ამ გაგანია პოლიტიკური ლიდერშიფის დროს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა ლიდერებმა შევძლოთ ისეთი თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება ხალხის ინტერესებს და აღადგენს ნდობას ხალხთან“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0