
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის კაპიტულაცია - რეჟიმისთვის კრიზისის ნორმალიზება იქნება თვითმმართველობის არჩევნები, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოსაპოვებლად სურს, ხოლო გიორგი გახარიას „სისტემურ ოპოზიციად დარჩენა უნდა იმიტომ, რომ არ სჯერა პროცესის წარმატების. ვერ ხედავს იმას, რასაც მე ვხედავ”.
„რეალურად ჩვენ გვჭირდება, რომ იზოლაცია გავაგრძელოთ, რეჟიმის კრიზისი გავაგრძელოთ, კრიზისი ნათელი გავხადოთ ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვჭირდება, ხალხს ვაჩვენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კრიზისს ვერ აგვარებს.
გახარიას ყოფნის მაინც თავი, თქვას, რომ ვემზადები თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მივიღებ მონაწილეობას და „ლელო“ ტესტავს, რას მიიღებს აქედან. „ლელოსთვის“ ძალიან დიდი ცდუნებაა, ეს პროცესი ხაზარაძისთვისაა დიდი ცდუნება. რას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით? მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს.
შევხედოთ რა ვითარებაა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ უტელევიზიოდ და უფულოდაა, ეგენი რომც შევიდნენ თვითმმართველობის არჩევნებში, მაინც მაღალი შანსია, რომ „ლელომ“ იქაც აჯობოს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ ასე ერთგულად იცავენ ბოიკოტს, მნიშვნელოვანწილად იმითაცაა განპირობებული, რომ არც ფული აქვთ და არც ტელევიზია და შესაძლებელია, რომ შევიდნენ თვითმმართველობის არჩევნებში, ფურცელზე გაიფორმონ, რომ დაკარგეს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. სამაგიეროდ ხაზარაძეს ფულიც აქვს და ტელევიზიაც. მას აწყობს, რომ „ნაცებიც“ შევიდნენ და „ახლებიც“. რაღაც მომენტში ფიქრობს, რომ დაითანხმოს და ერთად შევიდნენ ოთხივე მეინსტრიმ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში და მანდ უკვე მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი[ექნება].
უფრო გრძელვადიანი გეგმა ის არის, რომ ახლა რომ ვანჯღრიოთ რეჟიმი და თუ ჩამოიშალა, ბიძინა თუ მივიდა იმ ზომამდე, რომ გამოსავალზე დალაპარაკება უნდა შენთან, დღეს თუ ბიძინას გარეშე ინიშნება თავისუფალი არჩევნები, ყველანი თანასწორად შევდივართ, თანაბარი პოზიციებით შევდივართ არჩევნებში იმიტომ, რომ მთლიანად უარყოფილია პოლიტიკური სპექტრი და ახლიდან უნდა მოგანიჭოს წონა ამომრჩეველმა, მაგრამ თუ არათავისუფალ არჩევნებში შეხვალ, სადაც ფული წყვეტს და არა თავისუფალი ნება, მაშინ ისევ ოპოზიციურ ძალად დარჩები, მაგრამ მთავარს „დაითრევ“, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის მეტის მოთხოვნა შეგიძლია: პრემიერობის კანდიდატის მოთხოვნა შეგიძლია“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
1