
„ამორალური ქმედებების პრევენციისთვის“ „თალიბანმა“ ჩრდილოეთ ავღანეთში ინტერნეტი აკრძალა. შესაბამის ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივი ადმინისტრაციების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინტერნეტის აკრძალვა გავრცელდება ხუთ პროვინციაზე. ესენია – ყუნდუზი, ბადახშანი, ბაღლანი, თახარი და ბალხი. შეზღუდვა ეხება ოპტიკურბოჭკოვან ინტერნეტკავშირს, თუმცა არ გავრცელდება მობილურ ინტერნეტზე.
როგორც მედია წერს, ამ გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ავღანეთში ოფისები, საცხოვრებელი სახლები და ბიზნესობიექტები ინტერნეტის გარეშე დარჩა.
ავღანეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ზალმაი ხალიზადი აღნიშნულ აკრძალვას აბსურდულს უწოდებს.
„პორნოგრაფია რეალურ პრობლემას თუ წარმოადგენს, როგორც მრავალ ისლამურ ქვეყანაში, მისი გაფილტვრა მარტივად შესაძლებელია. ბევრი ქვეყანა ისლამურ მსოფლიოში ზუსტად ამას აკეთებს“, – აღნიშნა ხალიზადიმ.
2021 წელს ავღანეთის სათავეში მოსვლის შემდეგ „თალიბანმა“ არაერთი შეზღუდვა დააწესა, განსაკუთრებით ქალებისთვის. კერძოდ, „თალიბანმა“ აუკრძალა გოგონებს უმაღლეს სკოლებში სწავლა, ქალებს კი – ზოგიერთ სფეროში მუშაობა, დაავალდებულა სახის დაფარვა, ასევე მამაკაცებისთვის სავალდებულო გახდა წვერის მოშვება, მძღოლებს აეკრძალათ მანქანებში მუსიკის ჩართვა.
0
0
ტრამპი: პუტინმა გამიცრუა იმედები
18/09/2025