04/07/2023
16:08
მსოფლიო
ავღანეთში, ქალთა უფლებების ახალი შეზღუდვის დაწესების შემდეგ, თალიბებმა თმის მოვლისა და სილამაზის სალონების დახურვის ბრძანება გასცეს.
ქალთა უფლებები სისტემატურად ირღვევა 2021 წელს თალიბების მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ. მათ თინეიჯერ გოგონებსა და ქალებს საკლასო ოთახებში, სპორტდარბაზებსა და პარკებში შესვლა, ბოლო დროს კი - გაეროში მუშაობა აუკრძალეს.
თალიბებმა ასევე გასცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ქალები უნდა იყვნენ ჩაცმულნი ისე, რომ მხოლოდ თვალები უჩანდეთ და თან უნდა ახლდეთ მამრობითი სქესის ნათესავი, თუ ისინი 72 კმ-ზე მეტ მანძილზე მოძრაობენ.
ქალებისა და აქტივისტების მხრიდან საერთაშორისო მასშტაბის დაგმობისა და პროტესტის მიუხედავად, შეზღუდვები გაგრძელდა.
„თალიბანი ავღანელ ქალებს ადამიანის ყველაზე ძირითად უფლებებს ართმევს. როგორც ჩანს, თალიბებს არ აქვთ რაიმე პოლიტიკური გეგმა, გარდა ქალების სხეულებზე ფოკუსირებისა. ისინი ცდილობენ ქალების ელიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე,“- განუცხადა BBC-ს ავღანელმა ქალმა, რომელიც ანონიმურად საუბრობდა.
ქალებისთვის სილამაზის სალონებში შესვლა ნებადართული დარჩა მას შემდეგ, რაც თალიბებმა ორი წლის წინ ძალაუფლება დაიბრუნეს (ავღანეთიდან აშშ-ის ჯარისკაცების გაყვანის შემდეგ). თუმცა მაღაზიის ვიტრინები ხშირად დაფარული იყო და სილამაზის სალონის სარეკლამო ბილბორდებზე ქალების გამოსახულებები სპრეით იღებებოდა.
თალიბანის მთავრობას არ განუმარტავს, თუ რამ განაპირობა აღნიშნული შეზღუდვების დაწესება, ან რა ალტერნატივები იქნება ხელმისაწვდომი ქალებისთვის სალონების დახურვის შემდეგ.
0
0