
ავღანეთში თალიბანის დაბრუნების შემდეგ ქვეყანა ისევ იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, რა მდგომარეობაშიც ისინი 90-იან წლებში, თალიბანის პირველი გამარჯვების შემდეგ იყვნენ.
დღითი დღე ცხოვრება ქალებისთვის უფრო და უფრო მძიმდება, უცნაური აკრძალვები ნელ-ნელა კიდევ უფრო მრავლდება, რაც საბოლოო ჯამში ქალთა ცხოვრებას ავღანეთში შეუძლებელს ხდის.

მუსლიმური კანონების გარდა თალიბანმა ქვეყანაში მრავალი კანონი დაამატა, რათა მუსლიმური კანონების დარღვევების რიცხვი კიდევ უფრო შეემცირებინა - ბოლო ასეთი „საერო“ ცვლილება იყო ქალებისთვის პარკებში შესვლის აკრძალვა. დღეიდან ქაბულში ქალებს აღარ შეეძლებათ თავიანთ შვილებს თუნდაც გასართობ პარკში გაჰყვნენ და მათთვის თვალის დევნება პარკის გარე ტერიტორიებიდან მოუწევთ.
ეს აბსურდული და უცნაური კანონი საზოგადოებაში “მორალის სამინისტრომ” დანერგა და შემდგომში ხალხსაც განუმარტა, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ გადაწყვეტილებამდე.

როგორც აღმოჩნდა, ხშირად ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც ქალებს პარკში სეირნობისასა და ყოფნისას თავზე ჰიჯაბი და ბურკა არ ეკეთათ. “მორალის პოლიცია” და სამინისტრო მოუწოდებდა ქალებს ჰიჯაბის ხმარებისკენ, მაგრამ რადგან სიტუაცია არ შეიცვალა, მათ შემოიღეს ახალი სისტემა და პარკში სეირნობის დღეები ქალებსა და კაცებზე გადაანაწილეს - გარკვეულ დღეებში პარკში სიარული შეეძლოთ ქალებს, გარკვეულ დღეებში კი - კაცებს. რადგან საბოლოოდ ამანაც არ გამოიღო შედეგი “მორალის პოლიციამ” უბრალოდ აუკრძალა ქალებს პარკებში სიარული და პრობლემა უბრალოდ გააქრო.
მსგავსი აკრძალვები ავღანეთში თანდათანობით კიდევ უფრო და უფრო მატულობს. თალიბანის კანონების ქვეშ ქალებს არც დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება და არც მომავლის პერსპექტივა აქვთ. მოზარდ გოგონებს სკოლაში სიარული თალიბანის მოსვლისთანავე აეკრძალათ, შემდეგ უკვე აკრძალვები შეეხო უნივერსიტეტის კურსებსაც: მაგალითად, ქალებს ავღანეთში არ აქვთ უფლება ჟურნალისტიკასა და კიდევ მრავალ სხვა ფაკულტეტზე ისწავლონ.
ქალებს მორალის სამინისტროში შესვლის უფლებაც კი არ აქვთ და შეტყობინებებისა და საჩივრების დატოვება სამინისტროს გარეთ მდებარე ყუთში ყუთში უწევთ.
სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა თითქმის შეუძლებელია, რადგან პოლიცია და მორალის სამინისტრო არც მალავენ იმ ფაქტს, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმუსლიმური იდეის მქონე პირი გააჩუმონ და დააშოშმინონ.
რა თქმა უნდა, თალიბანი გარესამყაროსა და ცივილიზებული ქვეყნების მოწოდებებს ყურად არ იღებს, ასე რომ ქალთა გათავისუფლებისთვის ავღანეთში მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა რჩება - თალიბანის ხელისუფლების ხელმეორედ გადაგდება.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
https://www.bbc.com/news/world-asia-63756621
0
0