
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ რიგმა პოლიტიკოსებმა ქუჩის პროტესტი "მიატოვეს“, რადგან არჩევნებში შესულიყვნენ.
ამის შესახებ რადიო "სივრცეში" პარტია "კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
"მე ეჭვი მაქვს ლეგიტიმური, რომ ქუჩის მიტოვება, დროში გაწელვა იმიტომ მოხდა, რომ მაგალითად, სამადაშვილს ეთქვა, რომ არჩევნებზე საუბრის დროა. ამას პოლიტიკურ ენაზე, პოლიტიკური თაღლითობა ჰქვია. ყველაზე საშიში, ხელისუფლებაზე უფრო საშიში კი არის ფეიკ ოპოზიციონერი. მისგან აუცილებლად მიიღებ ზურგში დანას“ - განაცხადა ჩარკვიანმა და აღნიშნა, რომ ,,ლელოსთან“ შედარებით გიორგი გახარია ,,ოდნავ უფრო წესიერი“ აღმოჩნდა, რადგან არჩევნებში მონაწილეობაზე თავიდანვე განაცხადა.
"ლელოს" და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის "ფეიკ ოპოზიციონერობაზე" საუბრისას, ჩარკვიანმა გაიხსენა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2017 წელს მან ბიძინა ივანიშვილისგან მოისმინა ფრაზა- ,,რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ და მიუხედავად ამისა, 2018 წელს მაინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
"სანამ ანაკლია არ მოხვდა ცხვირში, არ გახდა ოპოზიციონერი“ - განაცხადა ჩარკვიანმა, რომელსაც ოპოზიციის ბრძოლის გზად ისევ ქუჩის პროტესტი მიაჩნია და დარწმუნებულია, რომ ამის რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია ერთიანობაზე შეთანხმდება.
0
0