
ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად ვერ შედგა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა.
„გახსოვთ 31 რიცხვი. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად ვერ გამოიკვეთა. ეს ჩემგან საწყენი არ იქნება, ჩემი აზრია და მის მიმართ ჩემს უპატივცემულობას არ ნიშნავს. თუ გახსოვთ, მაშინ ხალხის მოთხოვნა იყო არდაშლა და პაატას მოუწია მიკროფონთან მისვლა. ეს იყო შეკრება, სადაც პარტიები არაფერს მართავენ. პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად გეუბნებით, რომ ახალგაზრდები ბევრნი იყვნენ. ძალიან მომეწონა, რომ ერთი პარტია არ იყო დომინანტი. უბრალოდ, თქვენ რამდენიმე პარტია თუ დაინახეთ, პლუს სამოქალაქო სექტორი, მგონი, ეს ძალიან კარგია. სამოთხესავით ქვეყანა გვაქვს, ხომ არ შეიძლება, სულ ძიძგილაობაში მიდიოდეს 30 წელი, ახალგაზრდა თაობამ ხომ უნდა მიიღოს დემოკრატიული კარგი რესურსით სახელმწიფო. განა, გვაქვს ასეთი სახელმწიფო? არ გვაქვს და ვისი ბრალია, 12 წელი ვინც იყო უკვე, იმის ბრალია. ფაქტია, ასეა. ჩემთვის ზურაბიშვილი ლიდერად ვერ შედგა. ეს ადრეც დავინახე, მაგრამ არ მიყვარს წინასწარ თქმა, თქვენ ლიდერი არ ხართ-მეთქი. ამიტომ ვთქვი, რომ გაერთიანებაა? კი ბატონო, იყოს, მაგრამ ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი, მე ვერ ვხედავდი ამ ქალბატონში ლიდერს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
კითხვაზე, ამ ფორმატში უფრო მეტ შანსს ხომ არ ხედავს ერთიანობის, ჩარკვიანმა აღნიშნა:
„კი, უფრო სახალხოობა დავინახე რუსთაველის გამზირის გარშემო შეკრებილი ხალხის. ასეთი სახელწოდებაც შემოვარდა, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია – რუსთაველი, რუსთაველის გამზირი, რაღაც ასეთი გაერთიანება მგონია, იქნება. არ მინდა, ჩემს თავზე ავიღო ეს ყველაფერი. ამაზე უფრო სხვა ადამიანები ისაუბრებენ“.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.
0
0