ტაჯიკეთი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რომ რუსეთის ფედერაციაში წასვლისგან დროებით თავი შეიკავონ, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთში ტაჯიკეთის საელჩომ გაავრცელა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამის მიზეზად საელჩომ რუსეთის საზღვარზე უცხოელი მოქალაქეების გაძლიერებული კონტროლი დაასახელა, რაც საჰაერო და სახმელეთო საზღვარზე ვრცელდება.
მოსკოვმა მიგრაციული პოლიტიკა „კროკუს სიტი ჰოლში“ 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაამკაცრა. ტერაქტს 145 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტის შემსრულებლები ტაჯიკეთის მოქალაქეები იყვნენ. პასუხისმგებლობა ტერორისტულ თავდასხმაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
აპრილში ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს სემიონ გრიგორიევს შეშფოთების ნოტა გადასცა, რომლის მიხედვით რუსეთში შეშვებაზე ტაჯიკეთის მოქალაქეებს მასიურად უარს ეუბნებიან.
0
0