26/12/2022
16:41
მსოფლიო
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთი ტაივანის გარშემო საზღვაო და საჰაერო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეჭრას ახორციელებს. მისივე განცხადებით, 43 ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის ე.წ. მედიანური ხაზი, არაოფიციალური ბუფერი, რომელიც საჰაერო თავდაცვის ზონაში ორ მხარეს ჰყოფს.
თავის მხრივ, ჩინეთმა განაცხადა, რომ 25 დეკემბერს ტაივანის საზღვართან „შეტევითი წვრთნები“ ჩაატარა კუნძულისა და შეერთებული შტატების პროვოკაციების საპასუხოდ.
ტაივანი თვითმმართველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, მაგრამ ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელსაც ის საბოლოოდ შეიერთებს. დაძაბულობა ორ მხარეს შორის ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.
აგვისტოში, პეკინი აღაშფოთა ტაივანში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტმა, რომლის საპასუხოდ, ჩინეთმა ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა ტაივანის საზღვაო სივრცეში და ასევე დაბლოკა ვაჭრობა კუნძულთან. იმ დროისთვის, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ დაგმო ჩინეთის ქმედება და მას „უაღრესად პროვოკაციული“ უწოდა. ჩინეთს არასოდეს უთქვამს, რომ ის არ გამოიყენებს ძალას ტაივანის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოსაქცევად.
ტაივანის საკითხთან დაკავშირებით, ვაშინგტონი ყოველთვის „დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე“ დადიოდა. ერთი მხრივ, აშშ იცავს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ - პეკინთან მისი ურთიერთობის ქვაკუთხედს. ამ პოლიტიკის მიხედვით, აშშ აღიარებს ჩინეთის მხოლოდ ერთ მთავრობას და ოფიციალურ კავშირებს პეკინთან და არა ტაივანთან.
თუმცა ის ასევე ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას ტაივანთან და აგრძელებს იარაღით ვაჭრობას „ტაივანთან ურთიერთობების აქტის“ შესაბამისად, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა კუნძული საკუთარი თავდაცვის საშუალებებით უნდა უზრუნველყოს.
0
0