-share.jpg)
„ტაივანი არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ის არ იყიდება!“ - განაცხადა X-ზე ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ ილონ მასკის საპასუხოდ.
მიმდინარე კვირაში გამართულ ბიზნეს-სამიტზე, ილონ მასკმა ტაივანი ჰავაის შეადარა და მას ჩინეთის „განუყოფელი ნაწილი“ უწოდა.
ჯოზეფ ვუ ასევე წერს, რომ „იმედია, ილონ მასკს შეუძლია, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას თავისი ხალხისთვის X-ზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა სთხოვოს“.
როგორც ცნობილია, ილონ მასკის მიკრობლოგის პლატფორმა X-ის გამოყენება, რომელიც მანამდე ცნობილი იყო, როგორც Twitter-ი, ჩინეთში აკრძალულია.
მიმდინარე კვირაში ჩინეთმა ტაივანის მიმდებარე ზონაში საჰაერო და საზღვაო წვრთნები ჩაატარა. ტაივანმა განაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში 40-ზე მეტი ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, ხოლო წყლებში - 10-მდე ხომალდი დააფიქსირა.
მანამდე კი, ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები ტაივანში ჩასატარებელ არჩევნებზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.
”ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ნათლად აჩვენა, რომ მას ტაივანის მომავალი ეროვნული არჩევნების „დაფორმატება“ სურს. ეს კი ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია და არა მოძალადე მეზობლის,” - წერს ჯოზეფ ვუ X-ზე.
ილონ მასკის (რომელსაც ჩინეთში საკუთარი ბიზნესინტერესები აქვს) კომენტარი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან ტაივანის მთავრობა გააღიზიანა. ოქტომბერში მასკმა თქვა, რომ პეკინსა და ტაიპეის შორის დაძაბულობა შეიძლება მოგვარდეს, თუ ჩინეთი ტაივანს თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.
როგორც მასკმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, მას სჯერა, რომ ორ მთავრობას შეუძლია "გონივრულად მისაღებ" შეთანხმებას მიაღწიოს. ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში მასკი დადებითად შეაფასა, თუმცა მისმა ტაივანელმა კოლეგამ, ჯოზეფ ვუს მსგავსად, განაცხადა, რომ თავისუფლება "არ იყიდება".
0
0