
იუტას შტატში, პოლიციამ ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც წყაროების მიხედვით, იუტას მკვიდრი, 22 წლის ტაილერ რობინსონია.
იუტას შტატის გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა და FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეზე გამოძიების შესახებ ვრცელი ინფორმაცია წარადგინეს. ტაილერ რობინსონი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა ოჯახის წევრმა პოლიციას შეატყობინა, რომ რობინსონმა მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ოფიციალურმა პირებმა გაასაჯაროვეს დანაშაულის ჩადენის ადგილი და პოლიტიკური და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგების დეტალები.
„ტაილერ რობინსონმა კამპუსში ყოფნისას, შენობის სახურავზე, ბორდოსფერი ტანსაცმელი გამოიცვალა, მოგვიანებით კი, ისევ თავდაპირველი ტანსაცმელი ჩაიცვა. დაკავებისას რობინსონს იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც მკვლელობის ჩადენამდე. ტაილერ რობინსონი იუტა ველის უნივერსიტეტის სტუდენტი არ იყო. ის დანაშაულის ჩადენისას მარტო მოქმედებდა. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ საქმეში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, თუმცა გამოძიება კვლავ აქტიურ ფაზაშია.
რობინსონი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ვაშინგტონის ოლქში, რომელიც სამხრეთ იუტაში მდებარეობს,“ - განაცხადა სპენსერ კოქსმა.
31 წლის კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი იუტას კოლეჯის კამპუსში, სტუდენტებთან ერთად, აქტუალურ საკითხებზე დებატებს მართავდა, როდესაც მას კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
0
0