
ტაილანდის ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების საბჭოს (NESDC) თანახმად, ქვეყანაში ჰაერის ხარისხი უარესდება. ფართოდ გავრცელებულმა ფერმებმა და ტყის ხანძრებმა, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთში, 2024 წლის დასაწყისში, ჰაერი მომწამლავი სმოგით დააბინძურა.
„ტაილანდმა პრიორიტეტული უნდა გახადოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე PM2.5-ის გავლენის თავიდან აცილება“, - განაცხადა NESDC-მ.
PM 2.5 მცირე ზომის მომწამვლელი ნაწილაკების დონეს აღნიშნავს. ნაწილაკების დიამეტრი 2,5 მიკრომეტრი ან უფრო მცირეა და მათ ფილტვებიდან სისხლძარღვებში შეღწევა შეუძლია.
2024 წლის დასაწყისში, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. აღნიშნული შემთხვევები მოიცავს ქრონიკულ მდგომარეობებს, როგორიცაა ფილტვის კიბო, ბრონქიტი, ასთმა და გულის დაავადებები.
ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, 2024 წლის დასაწყისიდან, უკვე 1,6 მილიონამდე ტაილანდელი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებებს მკურნალობს, 2023 წლის მონაცემებით კი, მათი რიცხვი 10 მილიონზე მეტი იყო. ტაილანდის მოსახლეობა დაახლოებით 72 მილიონია.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამსახურების თანახმად, ჩრდილოეთ ტაილანდის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის მოიხსენიება. ტაილანდში ჰაერის დაბინძურების პრობლემა მშრალ სეზონზე მწვავდება, რომელიც, ჩვეულებრივ, ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება - ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით, ფერმერები შაქრის ლერწმისა და ბრინჯის მინდვრებს სეზონურად წვავენ.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა სრეტა ტავისინმა პირობა დადო, რომ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად შესაბამის ზომებს მიიღებს. კანონმდებლებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.
0
0