27/03/2024
15:03
მსოფლიო
ტაილანდის სამეფოს ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას იურიდიულად აღიარებს და, შესაბამისად, ქვეყანამ ქორწინების თანასწორობისკენ ისტორიული ნაბიჯი გადადგა.
კანონპროექტს ჯერ კიდევ სჭირდება სენატისგან დამტკიცება და სამეფო დადასტურება იმისთვის, რომ ის კანონი გახდეს.
2024 წლის ბოლოს, ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას აღიარებს. ეს ნაბიჯი გაამყარებს ტაილანდის, როგორც რეგიონში ლგბტქ+ წყვილების „თავშესაფრის“, რეპუტაციას, სადაც ასეთი დამოკიდებულებები იშვიათია.
"ეს ყველა პრობლემის უნივერსალურ მოგვარებას არ ნიშნავს, თუმცა თანასწორობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია", - განუცხადა პარლამენტს კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა და ქვედა პალატის ქორწინების თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ დანუფორნ პუნაკანტამ.
კანონპროექტის თანახმად, დაქორწინებულ ერთსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანაც შეეძლებათ. თუმცა, ქვედა პალატამ არ მიიღო კომიტეტის წინადადება ტერმინ "მშობლების" „მამებისა და დედების“ ნაცვლად გამოყენების შესახებ.
ტაილანდმა უკვე მიიღო კანონები, რომლებიც კრძალავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას და, შესაბამისად, ის განიხილება, როგორც ლგბტქ+ პირებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანა აზიაში. 2023 წლის ბოლოს ჩატარებული სამთავრობო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 96,6% კანონპროექტის მომხრე იყო.
0
0