22/05/2023
21:13
სამართალი
სახლი, სადაც ტაილანდის მოქალაქეებს სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ დალუქულია, დამნაშავე კი, დაკავებული. ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე ჩინეთის მოქალაქეს სახლი ნაქირავები ჰქონდა. გაირკვა, რომ მან ტაილანდიდან საქართველოში სამი ქალი მასაჟისტის ვაკანსიაზე მოტყუებით ჩამოიყვანა, თავისუფლება აღუკვეთა და სექსმუშაკებად დაასაქმა.
პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე, 31 წლის ლონგგუანგ ლი დანაშაულის ფაქტზე აიყვანა. “კურიერმა” დაზარალებულების ჩვენება მოიპოვა, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლების ერთთვიანი ძალადობის ფაქტებს აღწერენ.
ზესტაფონში მოწყობილი საროსკიპოს შესახებ ადგილობრივებს არაფერი სმენიათ.
ბრალდებული მამაკაცი ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. მას, ზესტაფონში ტანსაცმლის ბიზნესიც ჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქე ტრეფიკინგით ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დაკავებული. საქმეში ფიგურირებს ტაილანდში მდებარე დასაქმების ცენტრი, საიდანაც მსხვერპლი ქალები საქართველოში გამოუშვეს.
ტრეფიკინგში ბრალდებული ლონგგუანგ ლის აღკვეთის ღონისძიებაზე ზესტაფონის სასამართლომ იმსჯელა.
სხდომა დახურული იყო. 31 წლის მამაკაცმა პროცესზე ბრალი უარყო და 10-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ჩინეთის მოქალაქე პატიმრობაში დარჩა.
ზესტაფონის სასამართლო ტრეფიკინგის საქმის არსებით განხილვას 14 ივლისს დაიწყებს. 31 წლის ლონგგუანგ ლის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო: “რუსთავი2”
0
0