27/04/2023
13:09
მსოფლიო
ტაილანდის პოლიციამ ქალი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია თავისი 12 მეგობრისა და ერთი ნაცნობი პირის ციანიდით მოწამვლით მკვლელობაში.
სარარატ რანგსივუთაფორნი, ბანგკოკში, კიდევ ერთი მეგობრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შემდეგ დააკავეს. მსხვერპლის ოჯახის ინფორმაციით, ის სარარატთან ერთად მოგზაურობისას გარდაიცვალა. გამოძიების შემდეგ, პოლიციამ განაცხადა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სარარატმა 11 სხვა ადამიანი, მათ შორის ყოფილი ბოიფრენდიც, მოკლა. პოლიციის მტკიცებით, სარარატმა მკვლელობები ფინანსური მოტივით ჩაიდინა. სარარატი ყველა ბრალდებას უარყოფს.
„ეჭვმიტანილისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ორი კვირის წინ ის [სარარატი] თავის მეგობართან ერთად, ბანგკოკის ერთ-ერთ პროვინციაში გაემგზავრა, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს მდინარეზე გამართულ ბუდისტების დაცვის რიტუალში,“ - განაცხადა პოლიციამ.
ცოტა ხნის შემდეგ, სარარატის მეგობარი მდინარის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ცნობით, გაკვეთის დროს მის სხეულში ციანიდის კვალი აღმოაჩინეს. გარდაცვლილის ტელეფონი, ფული და ჩანთა დაიკარგა. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სხვა სავარაუდო პირებიც (სარარატის ყოფილი პარტნიორი, ასევე ორი ქალი პოლიციელი) ანალოგიურ ვითარებაში დაიღუპნენ. ზოგიერთი გვამი ასევე კრემირებული იყო. მათი თქმით, მკვლელობები 2020 წელს დაიწყო.
როგორც ცნობილია, მომაკვდინებელი დოზის გამოყენების შემთხვევაში, ცხედარში ციანიდის აღმოჩენა გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ არის შესაძლებელი. ტაილანდში ციანიდის გამოყენება მკაცრად კონტროლდება და მათ, ვისაც მასზე უნებართვო წვდომა აქვს, ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.
0
0