05/06/2023
16:33
პოლიტიკა
წარმოუდგენელია, შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ლოგიკა, თითქოს რაიმე სახის ჰონორართან გვაქვს საქმე. მსგავსი რაოდენობის ჰონორარი არ შეიძლება იყოს ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“
მდინარაძის თქმით, შეუძლებელია, ჰონორარი იყოს ამ რაოდენობის და საზოგადოებას უნდა მიანდონ განსჯა, რაში იღებს ხოშტარიას ოჯახი ამხელა თანხას.
„მორალურად რომ მიუღებელია, ეს თავისთავად ასეა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე – ვისმენთ ამ ამბის ათასგვარ ინტერპრეტაციას. სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 და, მაქსიმუმ, 1 000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე ან, საერთოდ, 200 და 100, მაინცდამაინც ხოშტარიებისთვის 70 000 დოლარამდე გამოდის თითო ჩარიცხვა. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამის შემდეგ შეიძლება გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია თუ არასწორია. სხვას რაშიც 200 დოლარი ერიცხება, ამ ხალხს ერიცხება 70 000 დოლარამდე, ოღონდ რუბლებში შესაბამისი ექვივალენტით. საზოგადოებას უნდა მივანდოთ განსჯა, რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი. ჰონორარი თუ არის, შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა. პირადად ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, თითქოს რაიმე სახის ჰონორართან გვაქვს საქმე. მსგავსი რაოდენობის ჰონორარი არ შეიძლება იყოს ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. მე ვერ მექნება ინფორმაცია, რუსეთიდან ინფორმაცია აქვთ „ნაცმოძრობის“ ტელევიზიებს, ბოლოდროინდელი სიუჟეტები ამაზე მეტყველებს ხოლმე. მე მაქვს ლოგიკა და ამ ლოგიკის განვითარების სასუალება, რომ სხვა რაშიც იღებს 200 დოლარს, იმაში მეორე, სხვა მემკვიდრე, სხვა ანალოგიურ სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ვერ მიიღებენ 60-70 000, 50 000 დოლარს ყოველთვიურად და ა.შ. წარმოუდგენელია. დანარჩენი საზოგადოებას მივანდოთ განსჯა, რაში იღებს ეს ოჯახი ამხელა თანხას, როცა შეუძლებელია, ჰონორარი იყოს ამ რაოდენობის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0