
საქართველოში ფრენების განახლება და ვიზების გაუქმება ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, ის ვერ ისაუბრებს.
"გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო თბილისის მხრიდან. იყო უარყოფითიც და თავშეკავებულიც, მაგრამ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე" - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისა და მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის მოღვაწეებისგან და მათ სთხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას.
„სწორედაც რომ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ჯერ ამაზე ვერ ვისაუბრებ“ - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, არის თუ არა კრემლის გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა.
ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან, ასევე გააუქმა რუსული ავიაკომპანიებისთვის ქვეყანაში პირდაპირი ფრენებზე აკრძალვა.
0
0