19/04/2022
10:31
სამართალი
საანგარიშო პერიოდში საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების შესაძლებლობები. – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
“აღნიშნული ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოში მათდამი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტურ წრეებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან, ასევე ცალკეულ ექსპერტებთან, პოლიტოლოგებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კავშირებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა საკუთარ ან მესამე ქვეყნებში გამართული სხვადასხვა სემინარები, კონფერენციები, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლზე იყო აყვანილი მსგავსი აქტივობები და საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების მცდელობები. მიღებულ იქნა რიგი პრევენციული ზომები უცხო ქვეყნების მიერ საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ ელემენტების გამოყენებით დაგეგმილი ღონისძიებების აღსაკვეთად.
სამსახურის ჩართულობით აღკვეთილ იქნა ცალკეული აქტორების მიერ ინიცირებული „ჰუმანიტარული” პროექტები. გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პროექტების საშუალებით, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის პროპაგანდას, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის შეგროვებას და პროცესებზე გავლენის მოსახდენად, შესაბამისი რესურსის გაზრდას.
სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა, ამ მიმართულებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების კონკრეტული სფეროები. დადგინდა საზღვარგარეთ მოქმედი ე.წ. დონორი ორგანიზაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდნენ საქართველოში ორგანიზაციების დაარსებას და ხელს უწყობდნენ ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებას.
2021 წელს, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სამსახურმა გამოავლინა უცხო ქვეყნების მოქალაქეებით დაკომპლექტებული არაერთი ჯგუფი. გამოიკვეთა აღნიშნული ჯგუფების წევრთა დესტრუქციული მიზნები და ინტერესები. მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, გატარდა კომპლექსური ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოიკვეთა სხვადასხვა სახის სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც, შესაძლოა, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების ინტერესების შესაბამისად ყოფილიყო განხორციელებული. კვლევების მიზანს „ზეგავლენის ოპერაციებისთვის“ სამიზნე ჯგუფების გამოვლენა და სხვადასხვა საკითხის გარშემო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა წარმოადგენდა.
კონკრეტული აქტორები განაგრძობდნენ ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ ჯგუფზე იდეოლოგიური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვების მცდელობებს. აღნიშნულ პროცესში მათ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ცალკეულ ჯგუფებში სახელმწიფოს საწინააღმდეგო განწყობების გაღვივება.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი საზღვარგარეთ მსგავს საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები და საქართველოში მათთან შესაძლო კავშირის მქონე სუბიექტები, რომლებიც შესაძლოა, ხელს უწყობდნენ შუღლისა და სეპარატისტული განწყობების გაღვივებას.
კანონდარღვევების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, ხორციელდებოდა ამ კუთხით მიმდინარე პროცესების კონტროლი და ანალიზი. ცალკეულ პირთა მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები.
2021 წელს სამსახურმა, წინმსწრებად მოპოვებული ინფორმაციისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე, აღკვეთა ქვეყნისათვის დამაზიანებელი საქმიანობის განხორციელების მცდელობები, ხოლო ცალკეული სუბიექტების მიმართ გატარდა შესაბამისი კონტრზომები.
საანგარიშო პერიოდში, ცალკეული ჯგუფები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის სენსიტიური საკითხებით. მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ინფორმაციის მოპოვება, ხოლო შემდგომ ცალკეული პროცესების მართვისა თუ მათში ნაწილობრივ ჩარევის გზით, ფსევდოპატრიოტული, დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
2021 წელს ერთ-ერთ ასეთ საკითხად გამოიკვეთა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.” – ნათქვამია სუსის ა2021 წლის ანგარიშში.
0
0
ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
01/11/2024