
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით სერბეთის სამი მოქალაქის გამოკითხვა დასრულდა.
გამოკითხულმა პირებმა სუს-ის შენობა ადვოკატებთან ერთად დატოვეს.
ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გაუთქმელობის ხელშეკრულობაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც ისინი გამოკითხვისა და საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
„გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე. ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ვგულისხმობ, შინაარსთან დაკავშირებით საუბარს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს არის აბსურდული საქმე. რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო კითხვები დაისვა და რომ მქონდეს ამის თქმის საშუალება, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ძალიან ცხადად დაინახავდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, სერბეთის სამივე მოქალაქე ორგანიზაცია „კანვასის“ წევრია. ისინი გამოკითხვაზე მისვლამდე იმყოფებოდნენ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც ცნობილია, სემინარის მთავარი თემა იყო „სამოქალაქო აქტივიზმი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.
0
0