
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა.
ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა მაღრაძემ გახსნა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ლაშა მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა საბჭოს საქმიანობის პოზიტიურ როლზე, ხაზი გაუსვა ქბრბ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საბჭოს წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში მოისმინეს. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ქბრბ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პრიორიტეტები და სამომავლო პროექტები. გარდა ამისა, სამინისტროების წარმომადგენლებმა უწყებებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაია თოლორდავა.
ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს დანაშაულისა და სამართლის კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლები.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
0
0