
პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმენენ. გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა კვლავ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლისთვის ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში კი 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა, ასევე 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა იყოს ღია, ვინაიდან საზოგადოებას აქვს ბევრი კითხვა და უნდა მიიღოს ამ კითხვებზე ღიად პასუხები.
მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების უდიდესი დამსახურებაა, რომ საქართველო მშვიდ და სტაბილურ ვითარებას ინარჩუნებს.
"რევოლუციურ კომიტეტად გადაქცეულ ოპოზიციურ სუბიექტებს მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, თუნდაც ის, რომ ასე გავიდა მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურა, ქართული სპორტი, საქართველოში ჩატარებული უშველებელი საერთაშორისო ფორუმები, ეკონომიკური ზრდა, ამ ყველაფრის საშუალება რომ გვაქვს ამის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის სუს-ის მისი პროფესიონალები, ხელმძღვანელების და რიგითი მუშაკების დამსახურებაა, რომ ცეცხლით გარშემორტყმულ რეგიონში ვცხოვრობთ სტაბილურ და მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კითხვები ექნება სემინართან დაკავშირებით, რომელიც სუს-ის მტკიცებით, სახელმწიფოს გადატრიალებას ეხებოდა.
"მორღვეულ ტვინი აქვს ოპოზიციას, რომ უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, სხვა შემთხვევაში, სადაც ამ რეგიონში ორი უდიდესი ომია საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა, ბუნებრივია გვექნება კითხვები საჯაროდ ვიდეოში გავრცელებულ სემინართან დაკავშირებით, იმ გამოძიებასთან დაკავშირებით , რომელიც მიდის, რომელიც, რა თქმა უნდა, საფრთხეა და როგორ აპირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პრევენციული ღონისძიებების გატარებას ისე წარმატებულად, როგორც აქამდე გააკეთა და თავიდან აგვარიდა ბევრი ტერორისტული აქტი, თუ რადიკალური პროცესები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა
0
0