21/04/2026
11:16

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები.
სუს-ის ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად ცდილობდნენ, აქტიურად გამოეყენებინათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო, რელიგიური, დიასპორული და კერძო კომერციული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების შესაძლებლობები.
სუსი-ს ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ, მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოში მათდამი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტურ წრეებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან, ასევე ცალკეულ ექსპერტებთან, პოლიტოლოგებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
„საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით გამოიკვეთა ზოგიერთი ქვეყნის განსაკუთრებული გააქტიურება, რაც გამოიხატა საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ჩატარება-ორგანიზებაში და ამ პროცესებში მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების ჩართვის მცდელობებში. ასევე, გამოვლინდა ზოგიერთი უცხოური უმაღლესი სასწავლებლისა და სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულების მხრიდან პერიოდული სამეცნიერო და სასწავლო ღონისძიებების მოწყობის, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებისა და ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მიწვევის ფაქტები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი და ცალკეული ოფიციალური პირების მხრიდან სხვადასხვა პროექტში საქართველოდან ახალგაზრდების ჩაბმის მცდელობები. აგრეთვე დადგინდა, რომ უცხო სახელმწიფოსთან აფილირებული და სპეციალურ სამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციების ზედამხედველობით და დაფინანსებით გამართულ ღონისძიებებში ხდებოდა საექსპერტო და ჟურნალისტური წრეების წარმომადგენელთა ჩართვა. ღონისძიებების საკითხთა თემატიკიდან იკვეთებოდა, რომ საქართველოდან ხსენებული კონტინგენტის შერჩევა მიზნად ისახავდა მათ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ „დამუშავებას“ და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურის ან მათთან კავშირში მყოფი პირების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მონიტორინგი და ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების შექმნის მცდელობები.
„საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ყურადღება ეთმობოდა კავშირების დამყარებას და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის არხების ფორმირებას ქართულ ბიზნესთან. ამ მიმართულებით ეწყობოდა ცალკეული ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა ქართულ ეკონომიკაში მოქმედ წარმატებულ ბიზნესოპერატორებთან კავშირების დამყარებას, მომავალში მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად. დაფიქსირდა უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენთა გარკვეული აქტივობა საქართველოს ცალკეულ, მათ შორის სასაზღვრო, რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და დაფინანსების კუთხით, რაც სავარაუდოდ მიზნად ისახავდა ადგილობრივ მოსახლეობაში საკუთარი იმიჯის ამაღლებას და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერის მოპოვებას. გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ კომპანიაში, სადაც ხელმძღვანელობას ახორციელებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ფიქსირდებოდა უცხოელთა დასაქმების ტენდენცია, რამაც ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი ბიზნესსუბიექტები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ საკუთრებაში არსებული კომპანიები. გრძელდებოდა ამგვარი კომპანიების ხელმძღვანელებისა და დასაქმებული პირების დაინტერესების სფეროებისა და კონტაქტების გამოვლენა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატში გასაფორმებელი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებების ანალიზი, მათი შესაძლო თანამდევი რისკების იდენტიფიცირების მიზნით.
„არსებული გამოწვევების შესამცირებლად მუშავდებოდა რეკომენდაციები და გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობდა აქტიური ოპერატიული საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ფარული ოპერაციების დროული აღმოჩენისა და მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით. მაგალითად, საანგარიშო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. აქედან ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომანქანის გადამოწმების შედეგად, რომელიც რამდენიმე ქვეყნის გავლით შემოვიდა საქართველოში, ნაპოვნი იქნა წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. ასევე, დაკავებულ იქნა მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეც, რომელმაც მიაკითხა მძღოლს და გამოართვა სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით. ფარული ოპერაციების წარმოების მიმართულებით, ცალკეული ქვეყნების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული საქმიანობის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენდა სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის გაღვივების მცდელობები, სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა და მათი მეშვეობით ანტიქართული ქმედებების განხორციელება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სეპარატისტული საქმიანობის გააქტიურების მიზნით, გარკვეული ძალების მხრიდან გამოიკვეთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისა და პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის მცდელობა, ასევე ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრის ორგანიზება საკუთარი გეგმების რეალიზების მიზნით.
„საანგარიშო პერიოდში ცალკეული პირებისა და ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ აქტივობებს საზოგადოებრივ სივრცეში და სოციალურ ქსელებში, კერძოდ, ვრცელდებოდა სეპარატისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები. ასევე, დაფიქსირდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების აქტივობა და დაინტერესება ისეთი საკითხებით, რაც უკავშირდებოდა ახალი სეპარატისტული კერების შექმნის შესაძლებლობას. ასევე, დადგინდა მათი კავშირი იმ ჯგუფებთან და დახმარების გაწევის შემთხვევები, რომელთა საქმიანობის რეალური მიზანია სეპარატისტული გამოვლინებების წახალისება და საქართველოს ინტერესების საზიანო პროცესების ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ წარმოებული ე.წ. რბილი ძალის და ფარული ოპერაციებიდან მომდინარე საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა სათანადო ოპერატიული ღონისძიებები. შესაბამის უწყებებთან ერთად, პერმანენტულად მიმდინარეობდა ზემოხსენებული პროცესების კონტროლი და ანალიზი, შესაძლო კანონდარღვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილე ან/და ხელშემწყობი პირები და ორგანიზაციები“, – ნათქვამია ანგარიშში.
0
0