
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 125-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხზე. მკაცრად იქნა დაგმობილი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები, რომლებიც ბოლო პერიოდში იდენტიფიცირდა.
განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 21 ივლისს გაიმართება.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
0
0