
“ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე 27 ივნისს მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს და მოპოვებული კადრების საფუძველზე ვარაუდობს, რომ მასზე თავდასხმა სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იყო ორგანიზებული.
“ჩემი შინაგანი რწმენით ეს იყო დადგმული, ორგანიზებული აქცია, რომელშიც მონაწილეობდა ბევრი ადამიანი, სხვადასხვა როლით” – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძემ თავდასხმის საღამო გადაცემაში პოლიტმეტრი დეტალურად გაიხსენა.
მისი თქმით, თავდასხმამდე მან გარშემო საეჭვო დეტალები შენიშნა.
მისი თქმით, იმ საღამოს საქართველოს ნაკრების თამაშის ყურებას მეუღლესთან ერთად კოჯორში აპირებდა, რისთვისაც სამსახურიდან გასვლის შემდეგ წინასწარ პროდუქტები იყიდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ კოჯორში ასვლას ვეღარ ასწრებდა და გადაწყვიტა თამაშისთვის სამსახურში ეყურებინა, პროდუქტები კი მეუღლისთვის გაეტანებინა. გეგმების ცვლილებების შესატყობინებლად მან ცოლს ღია ხაზის ტელეფონით დაურეკა.
ვიდრე ცოლს ელოდებოდა, მშვილდაძე ამბობს, რომ აფთიაქში შესვლა გადაწყვიტა. შესასვლელში მისი თქმით, ეცნო ადამიანი, რომელზეც იცის, რომ სუს-ში ფოტოგრაფის პოზიციაზე მუშაობს. მშვილდაძის თქმით, მისი დანახვის შემდეგ გარემოსადმი „უფრო ყურადღებიანი“ გახდა.
მშვილდაძე ჰყვება, რომ აფთიაქში შეესწრო კონფლიქტს ფარმაცევტსა და მომხმარებელს, შორის თუმცა არ გაუგია რაზე საუბრობდნენ, ვინაიდან თავად ყურსასმენი ეკეთა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა აფთიაქი დატოვა, მიშა მშვილდაძის თქმით, მან ყურსასმენი მოიხსნა და გაიგო, როგორ უთხრა სუს-ის იმ ფოტოგრაფმა რომელიც კართან იცნო აფთიაქარს, “დამშვიდდით, ეს ნარკომანიაო”.
“მე შევეპასუხე ამას, ფოტოგრაფს, რომ მეთქი შენ ისეთი სამსახური გაქვს, რომ ადამიანების შესახებ პირად ინფორმაციას ასე არ უნდა ყვიროდე მეთქი. ცოტათი გამოვესარჩლე მასტიგმატიზირებელ მიდგომას ნარკომანების მიმართაც. რას ჰქვია ნარკომანია?… ამაზე გაეცინა თუ რაღაც და გავიდა აფთიაქიდან. მეც გამოვედი” – ამბობს მშვილდაძე.
აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ, მშვილდაძე ჰყვება, რომ იქვე, ბუჩქებთან გაჩერდა და ცოლს მიწერა ლოკაცია, სადაც შეხვდებოდა, მის მოსვლამდე კი “კარფურში” სიგარეტის საყიდლად შესვლა გადაწყვიტა.
ბუჩქებიდან გამოსვლისას მან შენიშნა, რომ იქვე 2 ადამიანი იდგა, რაც ასევე საეჭვოდ ეჩვენა. მშვილდაძის თქმით, კარფურში შესვლა ჯერ ერთი კარიდან სცადა, რომელიც დაკეტილი დახვდა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა და მეორე კარიდან შესვლა დააპირა. სწორედ მეორე კარში შესვლისას დაესხნენ თავს ზურგიდან.
მშვილდაძის თქმით, მას ძალიან „ინტენსიურად ურტყამდნენ“ თუმცა არ იცის, რამდენი ადამიანი ესხმოდა თავს. ამის დასადგენად მისი თქმით, კარფურის კამერის კადრები იქნება საჭირო.
ცნობისთვის, 28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე “ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს”.
ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
დღეს, 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
0
0