
ფრანგულმა მწარმოებელმა, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტემ“ (LNS) Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ არცერთ ქვეყანაში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტიორი კომპანია „უნო გრუპი“ შეამოწმეს.
„ბიზნესოპერატორი სურსათის გამოთხოვისა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინებისთვის თავის არიდებისთვის დაჯარიმდა. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კონკრეტული პარტიები, რომლებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას:
Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280.
ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს, სააგენტოს ზედამხედველობით, ბიზნესოპერატორი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
„ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციაში.
0
0