26/06/2023
11:06
მსოფლიო
19 წლის სულეიმან დავუდმა, რომელიც წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ მგზავრი იყო, მოგზაურობისას თავისი რუბიკის კუბი წაიყოლა, რადგან მას მსოფლიო რეკორდის მოხსნა სურდა. მამამისმა შაჰზადა დავუდმა, რომელიც ასევე ტრაგედიას ემსხვერპლა, ამ მომენტის გადასაღებად ფოტოაპარატი წაიღო.
კრისტინ დავუდი და მისი ქალიშვილი „ტიტანის“ დამხმარე გემ Polar Prince-ის ბორტზე იმყოფებოდნენ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტიტანთან“ კომუნიკაცია შეწყდა.
„“ტიტანიკის“ ნამსხვრევების დასათვალიერებლად წასვლას მეუღლესთან ერთად ვაპირებდი, მაგრამ მოგზაურობა კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო. შემდეგ მე გადავიფიქრე და ბორტზე ადგილი სულემანს დავუთმე, რადგან მას ძალიან სურდა ოკეანეში მოგზაურობა,“ - განუცხადა BBC-ს სულეიმან დავუდის დედამ კრისტინ დავუდმა.
შვილზე საუბრისას, კრისტინ დავუდმა თქვა, რომ სულეიმანს ისე უყვარდა რუბიკის კუბი, რომ მას ყველგან თან ატარებდა და მნახველებს რთული თავსატეხის 12 წამში აწყობით აოცებდა. მან [სულეიმანმა] თქვა: "ვაპირებ, რომ რუბიკის კუბი ზღვის დონიდან 3700 მეტრზე - „ტიტანიკზე“ - ავაწყო".
სულეიმანი სტრატკლაიდის უნივერსიტეტის [გლაზგო, დიდი ბრიტანეთი] სტუდენტი იყო.
„როდესაც მათი გადარჩენის იმედი დავკარგე, სწორედ მაშინ შევატყობინე ოჯახს, რომ ყველაზე უარესისთვის ვემზადებოდი,“ - იხსენებს კრისტინ დავუდი.
კრისტინ დავუდის თქმით, ის და მისი ქალიშვილი ალინა შეეცდებიან, რუბიკის კუბი სულეიმანის პატივსაცემად ააწყონ, ის [კრისტინი] კი - ქმრის საქმეს გააგრძელებს: „ის ბევრ საქმეში იყო ჩართული, ბევრ ადამიანს დაეხმარა და ძალიან მინდა შევასრულო მისი მისია... ეს მნიშვნელოვანია ჩემი ქალიშვილისთვისაც,“ - თქვა კრისტინ დავუდმა.
0
0