30/06/2022
19:39
პოლიტიკა
დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდეს, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
„უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, რომ პოლარიზაცია პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და საქართველოში მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება საკმაოდ დიდი დოზით ხელოვნურობას შეიცავს. დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდეს, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმთავითვე ადვილი გამოსაცნობი იყო. დიდი მიამიტობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცამ ეს ვერ გათვალა. მეტიც, არა მხოლოდ გათვალა, არამედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების უმთავრესი მიზანი სწორედ რომ პოლარიზაციის გაღვივება და ბაკურიანის რევოლუციური სცენარის მოქმედებაში მოყვანა იყო. დეპოლარიზაციის ცნება იმდენად აბსტრაქტულია, რომ საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს. უკვე ცხადად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ აბსურდულ მოთხოვნას დაუკავშირებენ დეპოლარიზაციას. მაგალითისათვის, უკვე სცადეს დეპოლარიზაციისთვის საარჩევნო ბარიერი მიებათ, რასაც არათუ დეპოლარიზაციასთან, არამედ კანდიდატის სტატუსთანაც ვერავითარი ლოგიკური კავშირი ვერ ექნება“, - ამბობენ დეპუტატები.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება.
„სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის გათავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს. როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებასაც. მათი გათავისუფლების მიზანიც იგივეა - რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალება, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოჰყვეს. სააკაშვილის თემის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი რომ ხელოვნურია, ამას მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის საქმეც მოწმობს. სააკაშვილს ქართული სასამართლოს სამმა ინსტანციამ დაუდგინა სასჯელი დანაშაულებზე, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მოლდოვის მოქმედმა ხელისუფლებამ კი კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტის, იგორ დოდონისთვის სხვა პოლიტიკოსის მიერ ცელოფნის პარკის გადაცემის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ ამაზე სიტყვა არავის დაუძრავს. აქ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, რომელზეც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა. დოდონი რომ პრორუსი პრეზიდენტი იყო, სამართლის უზენაესობისთვის, წესით, ეს არაფერს უნდა ნიშნავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატების თქმით, მათი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ.
„ბაკურიანის შეკრების მონაწილეები ცდილობენ, დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ ჩვენი პასუხები ანტიდასავლურ რიტორიკად მონათლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ცხადად და მკაფიოდ განვმარტოთ შემდეგი - ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. სწორედ ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება. შეურაცხყოფაზე პასუხი არის არა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, არამედ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირსების წინაშე. როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს. შესაბამისად, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის - ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს“,-ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
0
0