06/07/2023
11:01
საზოგადოება
სს „თელასი“-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მიმდინარე პრაქტიკული მეცადინეობები კომპანიის გამანაწილებელი ქსელის ბაზაზე ჩატარდება.
პრაქტიკული მეცადინეობები გაიმართება როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის. ამ თანამშრომლობით 190-მდე სტუდენტი შეძლებს მიიღოს პრაქტიკული ცოდნა კომპანიის სპეციალისტებისგან.
პრაქტიკული მეცადინეობის შედეგების მიხედვით, ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის სასწავლო პროგრამის ოთხ გამორჩეულ სტუდენტს კომპანია „თელასი“ დაუნიშნავს სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, სს „თელასი“ დაეხმარება ენერგეტიკის ფაკულტეტს ენერგეტიკის მენეჯმენტის ახალი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებაში.
„თელასი“ ყოველთვის მზად არის ჩაერთოს კვალიფიციური კადრების მომზადების და ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმების პროცესში. კერძოდ, 2022 წელს კომპანიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის 30 კურსდამთავრებული დაასაქმა.
„თელასი“-ს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება. პირველად „თელასი“-სა და სტუ-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2006 წელს. „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა.
0
0