
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნოდარ ჭითანავამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ ისტორიული პროცესში, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა დააფიქსირა. სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან ერთად აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამჟამად კი მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში. ნოდარ ჭითანავას კვლევები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესები, აგროსამრეწველო კომპლექსისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების პრობლემები და სხვა.
„ბატონ ნოდარ ჭითანავას გულითადად ვულოცავ 90 წლის იუბილეს! ეს თარიღი უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მისი, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, ინტელექტუალურ და პროფესიულ გზას.
ბატონი ნოდარის გამოცდილება და ცოდნა პროფესიონალიზმის, ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერების სიყვარულის დასტურია. ის არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ ღირსეული მოქალაქეა, რომლის ცხოვრების გზა თაობებისთვის მაგალითის მიმცემია.
ბატონო ნოდარ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
ინფორმაციისთვის: ნოდარ ჭითანავას ავტორობით გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“; „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“; „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“; „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“; „გლობალური გამოწვევები ერთპოლოუსიან მსოფლიოში“. ნოდარ ჭითანავას ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების ეროვნულ კონცეპტუალურ ხედვას და იმას, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.
0
0