
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა.
ხსენებული საჩივრების ფარგლებში მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული. ამასთან, ფირცხალავას და Y-ის შეფასებით, მოსამართლე შ.თ. კანონის შესაბამისად არ იყო დანიშნული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი და სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა. გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების მიზნით გატარებული რეფორმები. კერძოდ, სხვებს შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა; მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერება; კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად დაიხვეწა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ფირცხალავას მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება უკავშირდებოდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. ირაკლი ფირცხალავა დამატებით ამტკიცებდა, რომ მისი სისხლის სამართლის პროცესი არასამართლიანად წარიმართა, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა ყოფილი თანაბრალდებულები და სხვა მოწმეები და ეფექტიანად გაებათილებინა მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებიც კი არ გამოვლენილა. შესაბამისად, ირაკლი ფირცხალავას დამატებითი საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
1
0
ხობში მამაკაცს ეძებენ
27/11/2025