
შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმის პოლიციამ ისრაელის საელჩოსთან თორის დაწვის აქციის ნებართვა გასცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტოქჰოლმის პოლიციაში აქციის ჩატარებაზე განცხადება 50 წლის ქალმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს არის „გამოვლინება შვედეთში ბავშვთა უფლებების დასაცავად, რომლებიც სისტემატურად ირღვევა“.
სტოკჰოლმის პოლიციის ნებართვაში ნათქვამია, რომ აქციაში ოთხი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ, გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ღონისძიების უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს.
„ჩვენ დიალოგში ვართ ორგანიზატორთან და სხვა მხარეებთან, რომლებიც შეიძლება, დაზარალდნენ, მაგალითად, ისრაელის საელჩო“, – განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის წარმომადგენელმა, მატს ერიქსონმა.
სამართალდამცავები რელიგიური წიგნების დაწვის აქციაზე კიდევ სამ განცხადებას განიხილავენ, თუმცა მათზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ერთ-ერთი მათგანის ორგანიზატორმა, რომელიც ბიბლიის დაწვას გეგმავდა, უკვე განუცხადა ადგილობრივ მედიას, რომ აქციის გამართვა გადაიფიქრა.
0
0