20/04/2023
17:39
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის ივლისის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები ნატოში უკრაინის წევრობის საკითხის განსახილველად ემზადებიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ნატოში წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხი წამოჭრა. ეს იქნება ამ შეხვედრის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი და ნატო ამისთვის ემზადება. უკრაინა ირჩევს თავის მომავალს ევროატლანტიკურ ოჯახში. უკრაინის მომავალი ნატოში და ალიანსის წევრები ამას თანხმდებიან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ქვეყნები ორიენტირებული არიან უკრაინის მხარდაჭერაზე, კერძოდ, სამხედრო თვალსაზრისით.
მისივე თქმით, ეს საკითხები განიხილება ხვალინდელ რამშტაინის შეხვედრაზე და ვილნიუსში ნატოს სამიტზე.
„უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ ამის განხორციელებაში“, - აცხადებს სტოლტენბერგი.
ინფორმაციისთვის, 20 აპრილს იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
0
0