
შეერთებულ შტატებსა და მის მრავალწლიან მოკავშირე საქართველოს შორის ურთიერთობა გაძლიერდა არა მხოლოდ დიპლომატიის მეშვეობით, არამედ ადამიანების ძალისხმევითაც – მასწავლებლებისა და სტუდენტების, მეწარმეებისა და ინვესტორების, სამხედროების, რელიგიური თემების წარმომადგენლებისა და იმ უთვალავი პირადი ურთიერთობის წყალობით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელმა, სტივენ ნიკანდროსმა განაცხადა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
მისივე თქმით, სწორედ ეს კავშირები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც საბოლოოდ მყარი, ხანგრძლივი პარტნიორობა შენდება.
„მოდით, მომავლისკენ გავიხედოთ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში – მომავლისკენ, სადაც გავაგრძელებთ ჩვენი საერთო ღირებულებების განმტკიცებას. მომავლისკენ, სადაც კომერციული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება, მომავლისკენ, სადაც კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები კიდევ უფრო გაღრმავდება, მომავლისკენ, სადაც გაფართოვდება თანამშრომლობა ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით და მომავლისკენ, სადაც ორი ერი, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას, სუვერენიტეტს, ეროვნულ იდენტობასა და თვითგამორკვევის უფლებას, გააგრძელებენ თავიანთ ხალხებს შორის მეგობრობის კავშირების გაძლიერებას. ჩვენს ქართველ მეგობრებს – დაე, თქვენმა დამოუკიდებლობამ კვლავ შთააგონოს სხვები, დაე, თქვენი ქვეყანა განაგრძობდეს განვითარებასა და კეთილდღეობას, დაე, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ყვაოდეს და ძლიერდებოდეს“, – განაცხადა სტივენ ნიკანდროსმა.
0
0