
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთს კონსულტაცია გაუწია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მასთან უკრაინის სამშვიდობო გეგმის თემასთან დაკავშირებით.
14 ოქტომბერს, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვთან ისაუბრა. როგორც Bloomberg-ი იუწყება, საუბარი დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა. უიტკოფმა უშაკოვს განუმარტა, თუ როგორ უნდა წამოეწყო პუტინს ტრამპთან უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემა.
გამოცემის ცნობით, უიტკოფის რეკომენდაციის მიხედვით, მოსკოვს ტრამპ-პუტინის სატელეფონო საუბარი, მომდევნო კვირაში, თეთრ სახლში ზელენსკის ჩასვლამდე უნდა დაეგეგმა.
„პარასკევს, ზელენსკი თეთრ სახლში ჩამოდის. შეხვედრას მეც დავესწრები, რადგან მათ ჩემი იქ ყოფნა სურთ, მაგრამ ვფიქრობ, თუ შესაძლებელია, პარასკევის შეხვედრამდე თქვენს უფროსთან უნდა ვისაუბროთ,” - ციტირებს Bloomberg-ი უიტკოფის განცხადებას.
უიტკოფმა ასევე პუტინს ურჩია, რომ ტრამპი დადებითად შეეფასებინა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის.
კრემლის საინვესტიციო რწმუნებულმა კირილ დმიტრიევმა X-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ერთი სიტყვით უპასუხა: „ყალბი“.
ამავდროულად, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა Bloomberg-ს განუცხადა: „ეს ამბავი ერთ რამეს ადასტურებს: სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი თითქმის ყოველდღე ესაუბრება როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ოფიციალურ პირებს მშვიდობის მისაღწევად, რაც ზუსტად იმას გულისხმობს, რისთვისაც პრეზიდენტმა ტრამპმა ის დანიშნა“.
0
0