
რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფლორიდაში პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა ამერიკულ დელეგაციასთან, რათა წინ წაეწია პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისივე თქმით, რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას აფასებს და მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება.
„რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება. რუსეთი ძალიან აფასებს უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და გლობალური უსაფრთხოების აღდგენის მიმართულებით შეერთებული შტატების ძალისხმევას და მხარდაჭერას“, – წერს სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მაიამიში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მეორე შეხვედრაც გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულმა რუსმა მომლაპარაკებელმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორ ჩაიარა მოლაპარაკებებმა და შეძლეს თუ არა ომის მომხრეებმა მათთვის ხელის შეშლა“, კირილ დმიტრიევმა პასუხად განაცხადა, რომ „მათ ეს ვერ შეძლეს და ყველაფერი კარგადაა“.
0
0