04/08/2023
01:22
საზოგადოება
უმძიმესი ვითარებაა რაჭაში - ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი შოვი მიწასთან გაასწორა. სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩასულმა მაშველებმა ორი პირის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა როგორც ambebi.g-ს სტიქიის ზონაში მყოფმა უწერას მკვიდრმა განუცხადა, დაღუპულებიდან ერთ-ერთი, სავრაუდოდ, 25 წლამდე გოგონაა.
"ამ დროისთვის 2 ცხედარია ამოყვანილი, ერთი 25 წლამდე გოგონაა, მეორე არ ვიცი. ამბობენ, რომ ისინი ჯერ იდენტიფიცირებულები არ არიან. დანარჩენებს ეძებენ, ბევრი ადამიანია დაკარგული - ეძებენ და-ძმას, დედას, ქმარს... გელა გუტაშვილი, რომელიც "სანსეტ შოვის“ მფლობელია, ორ შვილს, ცოლის დას და მის შვილებს ეძებს.... ერთი კაცი ჰყვებოდა, წყალმა ხელიდან გამტაცა მეუღლეო. როცა ღვარცოფი წამოვიდა, ზოგი კოტეჯში იყო, ზოგი - ტყეში, ზოგიც მანქანით და წყალმა გაიტაცა. როგორც თანდათან ირკვევა, ბევრია დაკარგული, 70-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, ისინი შოკში არიან. საშინელება ტრიალებს, ურთულესი მდგომარეობაა, ლავაა ჩამოტანილი, ტალახის ზღვა. უამრავი მაშველი მუშაობს, თქვეს, რომ ისინი მთელი ღამით იმუშავებენ, მაგრამ ბნელა, ხილვადობა ჭირს და ღამით რას გახდებიან, ვერ გეტყვით. მათთვისაც სარისკოა.“ - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.
0
0